
ქართული და ამერიკული პოლიტიკა, ტრამპის გადაწყვეტილებები, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და რუსეთ უკრაინის ომი - ეს იყო მთავარი თემები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 3 საათის წინ გაიხსნა.
სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მმართველი გუნდის წევრებმა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არა ქართული ოცნების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა, ქვეყანაში უკრაინის სცენარი განვითარდებოდა.
"ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში, საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა "ხალხის ძალა." იმ დროისათვის შეურაცხყოფის ნიაღვარმა გადაიარა ჩვენს თავზე. საბოლოოდ, რომ არა "ქართული ოცნების" თანმხვედრი გონივრული პოლიტიკა, გამოუსწორებელ ზიანს ვერ აიცილებდა ვერც ქვეყანა და ვერც საზოგადოება. არ შემიძლია არ გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში და მისი პრინციპული პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ. მაშინდელ სიმართლეს უფრო მეტი ფასი აქვს და უფრო მეტი დასტურიც. დღეს იმავეს უკვე იმ ქვეყნის ახალი ლიდერები საუბრობენ, საიდანაც მაშინ საფრთხის სათავე იყო," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.