
ტრამპის პოლიტიკა და გზავნილები უკრაინის მიმართ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ომის დაწყების დღიდან "ქართული ოცნების" რიტორიკა ტრამპის შეხედულებებს ემთხვევა.
იხსენებენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერა, რომ "მნიშვნელოვანია არ იქნას დაშვებული ომი". გაკეთდა არაერთი განცხადებაც, რომ უკრაინაში ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს ზელენსკიმ ვერ შეძლო. ტრამპმა გუშინ კიევი გააკრიტიკა და თქვა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო.
პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთის მხრიდან არის აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ, პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის სუვერენიტეტის იმ პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია და მათ შორის, იმ ფაქტთან რომ რუსეთი არის ამ ომში აგრესორი.
"სრულიად დასავლეთი ამბობს, რომ ომი არ იყო პროვოცირებული და ის რუსეთმა დაიწყო, ისევე როგორც ეს საქართველოში მოხდა. მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთის მხრიდან არის აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ, პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგი, რომელიც შიდა პოლიტიკური დისკურსის გაგრძელებაა და მისი მოლაპარაკებების ტაქტიკა, აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის სუვერენიტეტის იმ პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპია და მათ შორის, იმ ფაქტთან რომ რუსეთი არის ამ ომში აგრესორი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თუ ვინმე იტყვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა რაიმეში "ქართულ ოცნებას" ემთხვევა, პროპაგანდისტული ხრიკია და მეტი არაფერი.
"ტრამპის რიტორიკა არაფერში არ ემთხვევა "ქართული ოცნების" რიტორიკას. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა რაიმეში "ქართულ ოცნებას" ემთხვევა, პროპაგანდისტული ხრიკია და მეტი არაფერი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იქნეს მიღწეული. მე მას სრულიად ვეთანხმები და რა თქმა უნდა, ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. შეუძლებელი ნორმალურ ადამიანს სხვა პოზიცია გააჩნდეს. ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას, რომელიც იქნება არა უკრაინის ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არამედ ამ ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.