
საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტები იხურება. არსებული ინფორმაციით, USAID-მა დახურა "ენდიაის", "აირაის", "ისფედისა" და "აიეფიესის" საარჩევნო პროექტები. ამ ორგანიზაციებში, შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თავად დაფინანსების წყარომ მიიღო გადაწყვეტილება, "მავნებლობაში და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები":
"თქვენი კოლეგები რომ კითხვებს მისვამენ, ასეთი კითხვები რომ დასმულიყო, ასე რომ ეაზროვნათ, მათ [USAID-ის მიერ] ათეულობით მილიონი და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ქვეყანაში. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, არა ახალგაზრდებს, შუახნისას, თუ ხანში შესულებს ჰგონებოდათ, რომ ისინი გულწრფელი, თვითორგანიზებული პროტესტის თანამონაწილეები იყვნენ და სამშობლოსთვის იბრძვიან, რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს, ამ რწმენის შესაქმნელად ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იხარჯება ჯერ კიდევ.
მთავარი ის არის, რომ ეს ფონდები და ამ ფონდების დახურვა ნიშნავს იმას, რომ თავად დაფინანსების წყარომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მავნებლობაში და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები.
ISFED-ის შემოქმედება ხომ გვახსოვს?! 2020 წელს უბრალოდ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ამაში მიიღეს 10 ათასობით და ასი ათასობით დოლარი, შეიძლება მილიონებითაც, რომ ნაცვლად არჩევნებისა, გაყალბებულიყო პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. მეტი რა უნდა იკადრო, რომ მიხვდე რაშია საქმე?!" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.