
ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ახლა "ლელოსთან" ერთად კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" წევრია, ერთ-ერთ ეთერში ღიად თქვა, რომ საერთო ოპოზიციური მიზნების მიღწევას, პოლიტიკური ლიდერების ეგო და ამბიციები აფერხებს. კოალიციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლევან ცუცქირიძის პარტიამ დატოვა, თანაგუნდელის მოსაზრებას არ იზიარებენ. ამბობენ, რომ კოორდინაციის შესაძლებლობა არსებობს, თუ ყველა პარტია არსებულ მოცემულობას მიიღებს.
ერთიანობის მუხრუჭად ექსპრემიერ გახარიას გუნდის პოზიციას მიიჩნევს გიორგი ვაშაძე. მისი აზრით, დროა ოპოზიციის ნაწილმა ნაცმოძრაობის დემონიზება შეწყვიტოს. ვაშაძის ბრალდებებს დღეს გაუგებარი უწოდეს პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა.
ოპოზიციური სპექტრის გაჯანსაღების ერთადერთ გზას, მათ პოლიტიკური ველიდან გაქრობაში ხედავს "გირჩი". პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არა იდეის, არამედ ე.წ. ბელადების ირგვლივ ერთიანდება, რაც ყოველ ჯერზე საარჩევნო მარცხის წინაპირობაა.
ნებისმიერი კონფიგურაციით ოპოზიციას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიაში ამტკიცებენ, რომ ოპონენტებისთვის ეროვნული ინტერესები არ არსებობს. მათ ქმედებას კი გარე ლობისტების ნება განსაზღვრავს.
ოპოზიციაა უკვე რამდენიმე თვეა ერთიანი პლატფორმის შექმნას სხვადასხვა გზით ცდილობს. ახლა კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებაზე იმართება. ამ დრომდე ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.