
ძვირადღირებული ვოიაჟები, სასტუმროები, საჩუქრები, ავტომობილები, კერძო იახტა და ვერტმფრენი - ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ, მხოლოდ 4 წელში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული 9 მილიონის მცირე ნაწილია. ექსპრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო განკარგულებები, რომელიც სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა, მმართველი გუნდისთვის, ელიტური კორუფციის უტყუარი მტკიცებულებებია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარის გარდა, დამატებით 9 მილიონის ფარულად, პირადი კომფორტისთვის დახარჯვა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
რატომ გამოსცა ექსპრეზიდენტმა გრიფით საიდუმლო განკარგულებები თუ თითოეული ხარჯი სახელმწიფო ინტერესებს ხმარდებოდა?- პასუხს "ნაციონალური მოძრაობა" თავს არიდებს.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლობით და ფარულ ხარჯებზე წვდომა არ ჰქონიათ.
სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა ბრაზს ვერც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მალავენ. ხელისუფლების ოპონენტები ღიად ამბობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტმა ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
ოპოზიციას დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები დოკუმენტურად არის დადასტურებული და სასამართლომ ვერდიქტი უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე გამოაცხადა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, კანონის წინაშე პასუხი კიდევ არაერთ საქმეზე უნდა აგოს.
საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს, 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ექსპრეზიდენტი საბოლოო ვერდიქტს კიდევ ორ - საზღვრის უკანონო კვეთისა და 7 ნოემბრის საქმეზე ელოდება.