
კახეთის რეგიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფერმერები 131 კილომეტრიანი წყლის გამანაწილებელი ქსელით უკვე სარგებლობენ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახურულ მილსადენებსა და 9 კილომეტრიან ღია არხს მოიცავს. ფერმერები ამბობენ, რომ ახალი სარწყავი სისტემა მათ შრომას ბევრად გაამარტივებს.
სარეაბილიტაციო პროექტები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ სოფელში, 6000 ჰექტარ მიწის ფართობზე, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასთან დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა.
კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა გურჯაანში. ამ შემთხვევაში საუბარია სოფელ ველისციხესა და ახაშენში მდებარე საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. 100 აღსაზრდელზე გათვლილი ორი ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით უკვე აღიჭურვა.
ინფრასტრუქტურული პროექტები ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში 32 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს.
სარეაბილიტაციო პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 74 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.