28 მარტი 2025,   16:54
ვრცლად
თბილისის აეროპორტი 2025 წლის ევროპის მარშრუტების ხუთეულშია - რომელი 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის ზაფხულის სეზონიდან ქვეყანაში

პროცედურების სიმარტივეა, ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთა ნაკადის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე 5 საუკეთესო აეროპორტს შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დასახელდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე, გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.

თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას:

30 მარტიდან British Airways ფრენებს - თბილისიდან ლონდონის მიმართულებით შეასრულებს.

31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet კი სამი მიმართულებით: ლონდონის, ჟენევის და მილანის მიმართულებით იფრენს.

აპრილიდან კი ქართულ ბაზარზე ფრანგული Transavia France-და Lufthansa Group-ის Edelweiss შემოდის.

აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, 2025 წელს მგზავრთნაკადი 4% მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ ერთი მიღწევა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. აეროპორტის ცნობადობისა და სანდოობის გაზრდა უცხოელი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება. ევროპის ცნობილ ქალაქებს შორის ერთ-ერთი საქართველოს დედაქალაქია.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები