
ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ამხელენ. საუბარია ლატვიაზე, რომლის ეროვნული ავიაკომპანია "ეარ ბალტიკი", უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, რუსულ ავია საწვავს ყიდულობდა. ჟურნალისტური გამოძიება "ვერსტკამ" გაავრცელა, რომელშიც მითითებულია ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.
ირკვევა, რომ ლატვიური "ეარ ბალტიკი" 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე თვითმფრინავებისთვის საწვავს რუსული სანქცირებული კომპანიებისაგან "ტატ ნეფტ ავიასერვისისა" და "გაზპრომნეფტ-აეროსგან" ყიდულობდა. 28 მცდელობიდან 13-ჯერ შესყიდვა წარმატებული აღმოჩნდა. შედეგად კი ლატვიამ რუსულ კომპანიებს 3100 ტონა საავიაციო საწვავისთვის, 2.3 მილიონი დოლარი გადაუხადა.
ლატვია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეერთებოდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე კი ხელისუფლების რიტორიკას მწვავედ აკრიტიკებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის დააწესა სანქციებიც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ორმაგი სტანდარტით არა მხოლოდ ლატვია, არამედ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებიც გამოირჩევიან.
ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებდა, დღეს ცდილობს ლატვიის მხრიდან რუსული საწვავის შესყიდვის ფაქტი - გაამართლოს. არგუმენტად "ეარ ბალტიკში" კომერციული ბიზნეს წილი მოჰყავს, რომლის მოცულობაც, მხოლოდ 2 პროცენტია. დანარჩენ 97 პროცენტზე მეტს კი ავიაკომპანიაში თავად ლატვიის მთავრობა ფლობს.
ლატვიასთან ერთად, ლიეტუვასა და ესტონეთის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის ფაქტებზე საუბრობს უმრავლესობა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან ორმაგი სტანდარტი გასაკვირი არ არის, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ.
რუსული ნავთობი ლატვიაში, airBaltic-ს სავარაუდოდ, მესამე ქვეყნის გავლით შეჰქონდა. თავად ავიაკომპანიაში ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ. იმავეს ამტკიცებს ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროც, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი აქციონერია.
თუმცა "ვერსტკას" საგამოძიებო მასალაში მოყვანილია რუსეთის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის დახურული არქივიდან მიღებული დეკლარაციები და საბაჟო ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები, რაც ლატვიური კომპანიის რუსეთთან თანამშრომლობას ადასტურებს.
"ასე აღასრულებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა სანქციებს?" - ინტერესდება ესტონეთი ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესიც, რომელიც ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.