
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დიპლომატის და მინისტრის შეხვედრამ ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ საკუთარი ემოციები არც სოციალურ ქსელში დამალეს და ელჩი და დიპლომატიური უწყება მწვავედ გააკრიტიკეს.
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციები ბუნებრივია.
"რაც შემიძლია ვთქვა პირდაპირ - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შეხვედრაზე, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, დიპლომატიური პრაქტიკა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მნიშვნელოვანია პერიოდია, ამიტომ თითოეულ ფაქტს მოჰყვება ხოლმე ძალიან დიდი გამოხმაურება. ცვლილებებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, მათ შორის, ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრ ამბავს მოჰყოლია ძალიან დიდი ალიაქოთი, აქტიურად არის ხოლმე პოზიციები გამოხატული - ეს ძალიან ბუნებრივია," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამაც.
"აშშ-დან დაბრუნებულმა ელჩმა, ბუნებრივია, გააცნო ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, რაც ჩვეულებრივი დიპლომატიური სამუშაოა. ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის, მეგობრებთან ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ტერმინები არ იყოს აღქმაში გადამწყვეტი. შეხვედრის ქვეშ არსებული კომენტარებიც არ იქონიებს გავლენას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.