22 აპრილი 2025,   14:36
ვრცლად
"მსოფლიოს ქმედებები სჭირდება და არა გაწელილი კვლევები, ცარიელი დაპირებები თუ პირობები. ადრე თუ გვიან, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწევს ჩამოჯდომა" - კირ სტარმერი

უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთი ახალ გზებს ეძებს. ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ, ამჯერად ვირტუალურად შეიკრიბნენ.

"რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა და ახლა უკრაინის გასაძლიერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ამბობენ შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერები.

როგორც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, დროა "უკრაინაზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, და ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეთანხმდეს."

"ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, აქ, ლონდონში, მსოფლიოს ლიდერები ჩამოვიდნენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავ უდავოდ დაამტკიცა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ის თითქოს დაეთანხმა 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის იდეას, თუმცა, ის ცდილობს ამ საკითხის გადადებას იმის მტკიცებით, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე არსებული ვითარების დეტალური შესწავლაა საჭირო. მსოფლიოს ქმედებები სჭირდება და არა გაწელილი კვლევები, ცარიელი დაპირებები თუ პირობები. ჩემი გზავნილი ნათელია: ადრე თუ გვიან, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწევს ჩამოჯდომა. ახლა დადგა ეს წამი. დაე, უკრაინაზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეთანხმდეს. ჩვენ მივაღწიეთ ფართო თანხმობას, რომ რუსეთის მხრიდან "დიახ, მაგრამ"-ის პასუხი მიუღებელია. ჩვენ, დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით, რომ ერთობლივ ზეწოლას მოვახდენთ რუსეთზე," - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

ვირტუალურ კონფერენციაში მონაწილეობდა თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შესაძლებელია.

 

ავტორი:  ლუკა ჩანგელია

დღის ამბები