
ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მსჯელობა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გაიმართება.
განსაკუთრებით მკაცრი მიდგომებია რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კანონის გამკაცრება ნარკოპოლიტიკის რეფორმის გატარებას არ ნიშნავს, გარდა ამისა, როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, რეალურად არავინ დაფიქრებულა იმ ადამიანებზე, ვინც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს და ამის ნაცვლად კონკრეტული ნივთიერებებს ებრძვიან.
"სინამდვილეში, პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მართლა არ დავფიქრებულვართ ნარკოპოლიტიკაზე და რეფორმა არ ჩაგვიტარებია, გამკაცრება რეფორმა არ არის. ჩვენი ნარკოპოლიტიკის პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ადამიანებზე და მათ ჯანმრთელობაზე არ ვფიქრობთ, არამედ კონკრეტული ნივთიერებების ბრუნვაზე. ფაქტობრივად, ებრძვის ნივთიერებებს, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრო ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით კანონი უკომპრომისო უნდა იყოს, ხოლო ნარკომომხმარებელს სახელმწიფო სრულფასოვან რესოციალიზაციის პროგრამას უნდა სთავაზობდეს, ამიტომ მხოლოდ კანონის გამკაცრება ამ პროცესს არ შველის.
"არავითარი კომპრომის არ შეიძლება ნარკორეალიზატორებთან ე.წ. ბარიგებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნარკომომხმარებელს, მათ უნდა შევთავაზოთ რესოციალიზაციის სრულყოფილი პირობები, რომ ისინი დახმარების შემდეგ გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შესაბამისად, მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის, პოლიტიკური ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომაა საჭირო", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.