
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. უცხოელი აგენტების ამერიკული რეგისტრაციის აქტის ზუსტ თარგმანში ჩასწორდება ის ტერმინოლოგიაც, სადაც, მაგალითად, ნახსენებია კონგრესი, შეერთებული შტატები ან იუსტიციის დეპარტამენტი.
დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე კანონის დარღვევისთვის სადამსჯელო ღონისძიებები.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფარა" ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იყო მიღებული და მას თანამედროვეობასთან კავშირი არ აქვს, გარდა ამისა, მისივე თქმით, დღეს ამერიკაში "ფარას" ფუნდამენტური გადახედვა მიმდინარეობს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფარა" თავიდანვე იყო მიღებული ნაცისტური რეჟიმისა და სხვა მაშინდელი გამოწვევების წინააღმდეგ, ამიტომ ამას თანამედროვეობასთან და "ქართული ოცნების" სურვილთან, "ფარა" წარმოაჩინოს როგორც ამერიკული, ამას არავითარი კავშირი არ გააჩნია.
მეორე, ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ხდება "ფარას" ფუნდამენტური გადახედვა და მთელი არქიტექტურული ცვლილება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.