
ურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგს. უცხოელი აგენტების ამერიკული რეგისტრაციის აქტის ზუსტ თარგმანში ჩასწორდება ის ტერმინოლოგიაც, სადაც, მაგალითად, ნახსენებია კონგრესი, შეერთებული შტატები ან იუსტიციის დეპარტამენტი.
დოკუმენტი 16 გვერდიანია და მასში გაწერილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან; ასევე, კანონის დარღვევისთვის სადამსჯელო ღონისძიებები.
უმრავლესობა გამჭვირვალობის შესახებ მოქმედ კანონსა და "ფარას" სხვაობაზე აკეთებს აქცენტს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კანონში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ყო გაწერილი, ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ერჩივნათ ჯარიმები ეხადათ, ვიდრე თავიანთი დაფინანსების საკითხი გაესაჯაროებინათ.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა გადმოეტანა ამერიკული "ფარას" ანალოგი, სადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არს ნაგულისხმევი.
"ქართულმა კანონმა ეფექტურად ვერ იმუშავა, ვინაიდან იქ არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო გაწერილი და არც ასეთი ტიპის სასჯელები, რაც ამერიკულ კანონში არის.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მდიდარ და მავნებელ NGO-ებს ერჩივნათ არ დარეგისტრირებულიყვნენ რეესტრში და ეხადათ ჯარიმები.
ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას ჯარიმებით, ვინაიდან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულთან ექნებათ საქმე. აქედან გამომდინარე, ყველა ვალდებული იქნება, რომ გაასაჯაროოს თავის დაფინანსება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.