
4 წელი და 6 თვე საზღვრის უკანონო კვეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
სასამართლო დარბაზში პროცესს ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. მოსამართლის გადაწყვეტილებას კი მათი მხრიდან შეძახილები და უკმაყოფილება მოჰყვა.
"მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა გვიტოვებს რაღაც ვარაუდისთვის სივრცეს, რომ რეციდივს ჰქონდა ადგილი და ამის გამო უფრო მძიმე წავიდა, თუმცა რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა? საზღვრის კვეთაზე 5 წლამდე და 4 წელს დაუმატა 8 წელი და კიდევ 6 თვე და გამოიყვანა 12 წელი და 6 თვე," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია.
"არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრის მთქმელი უკანონო ბრალი და ზუსტად ვიცით, ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვაზე ექსპრეზიდენტმა კვლავ უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.