
დონალდ ტრამპი 7 ფედერალური სააგენტოს გაუქმებას გეგმავს - გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 15 მარტს გახდა. მათ შორის, ვისაც ფედერალური დაფინანსება შეუწყდება, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოა, რომელიც "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" კურირებს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, 1300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, რამაც 50-მილიონიან აუდიტორიაზე სააგენტოების წვდომა შეაფერხა. რა ბედი ეწევა მედიასაშუალებების ქართულ რედაქციებს - ამ თემაზე ჯერჯერობით თბილისში კომენტარი არ კეთდება. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა კი ფაქტს უკვე ამერიკის მტრების გამარჯვება უწოდა.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ საქართველოს ხელისუფლებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წლებია ამ მედიაორგანიზაციებმა ე.წ. რბილი ძალის როლი შეითავსეს და ცდილობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს სუვერენულ საქმეებში ჩარევას.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გეოპოლიტიკური ინტერესების დათმობად მიიჩნევს ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი. პოლიტიკოსების აზრით, "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელებას მაინც შეძლებენ.
კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. ახალ პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ წლებია, "რადიო თავისუფლებამ" და "ამერიკის ხმამ" რეალური ამერიკული იდეალების გავრცელებაზე უარი თქვა და მემარცხენე იდეოლოგიის პროპაგანდისტად იქცა.
დახურვის საფრთხის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებების კეთილსინდისიერ საქმიანობაში ეჭვი ეპარებათ მმართველი გუნდის წევრებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამერიკის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებები, ბოლო წლებში მედიასტანდარტებს არც საქართველოში იცავდნენ.
"ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება", შეერთებული შტატების ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით, ათწლეულებია, მსოფლიოს მასშტაბით მაუწყებლობენ. 15 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილი გახდა ისიც, რომ მათ კონგრესმა უკვე დამტკიცებული დაფინანსებაც გაუუქმა.