
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მთავრობის მეთაურის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. უწყებას დღეიდან მომდევნო 6 წლის მანძილზე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.
ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე ზრუნვა, სხვა ქვეყნების მიერ შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობების აღკვეთა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ტერორიზმთან, კორუფციასთან ბრძოლა - ანრი ოხანაშვილმა, დამტკიცებამდე, დეპუტატებს პრიორიტეტები კომიტეტის სხდომაზე გააცნო.
ოპოზიცია ცვლილებებს საერთო პოზიციით შეხვდა - ამბობენ, რომ მათთვის სახელისუფლებო გუნდის საკადრო ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის.
კომპეტენტური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი - ასეთი შეფასებები მიიღო პრემიერისგან დღეს ანრი ოხანაშვილმა. დეპუტატებმა კი მას ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატად, მთავრობის მეთაურმა - 2 აპრილს წარადგინა.