24 მაისი 2025,   01:55
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - შერაზ გასრისმა სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართ ევროკავშირის კრიტიკული გზავნილები გააზიარა

"ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, მითუმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი" - პრემიერ-მინისტრის სიტყვების ადრესატი საქართველოში საფრანგეთის ელჩია. ირაკლი კობახიძე დიპლომატს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. შერაზ გასრისმა სოციალურ ქსელში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის კრიტიკული გზავნილები გააზიარა: "რეპრესიები, გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პატიმრები და დიალოგი კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად" - ვიდრე ელჩი საქართველოს აკრიტიკებს, პრემიერი მას საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს და ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერის, მარინ ლე პენის დაკავების საქმეს ახსენებს.

მაშინ, როცა საფრანგეთის ელჩი საქართველოს კრიტიკისთვის იცლის, საფრანგეთის ხელისუფლებას დასავლელი ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ. დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც მარინ ლე პენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა - პოლიტიკური დევნა უწოდა.

ოპოზიციისთვის, მარინ ლე პენზე საუბარი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, საფრანგეთის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება კი მხოლოდ მეგობრული რჩევა.

"კრიტიკული განცხადებები, ძალადობრივ ქმედებებზე დუმილი, რადიკალური პროცესების წახალისება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა" - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიპლომატიური უწყებები დიპლომატიურ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდნენ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დღეს პარლამენტთან გამართული აქციები გაიხსენა და საელჩოებს ძალადობრივი ქმედებების დაგმობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. შერაზ გასრისი ხშირად სტუმრობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არიან.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები