
სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არ ცვლის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც შეცვალა პოლიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაციას სწორედ იმ საკითხებზე აკრიტიკებს, რაზეც უკვე რამდენიმე წელია ღიად საუბრობს "ქართული ოცნება". მმართველი პარტია ამერიკის შეერთებული შტატებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, რაც უკვე დადასტურებული ფაქტებიდან სწორი დასკვნების გამოტანას გულისხმობს.
რატომ დუმს ახალი ადმინისტრაცია - ზაზა შათირიშვილის მოსაზრებით, მიზეზი "დიფ სთეითის" გავლენებია, რომელსაც ის ტრამპის პირობებშიც ინარჩუნებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა რებრენდიგს ცდილობს და სწორედ ამას ემსახურება ომის ბაიდენისთვის, რევოლუციების კი USAID-ისა და NED-ისთვის გადაბრალება. მისივე აზრით, უკვე გამოიკვეთა USAID-ის ალტერნატივა, რომელიც, მომავალში, ევროპულ ფონდებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების წახალისებით იქნება დაკავებული.
ბაიდენის მსგავსად, აშშ-ის ახალი პრეზიდენტიც რომ "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშაა, ამაზე საუბრობს გოგა ხაინდრავაც.
"დიფ სთეითს" გამოგონილ საფრთხეს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ეს ამერიკის შიდა პრობლემა იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა ბიუროკრატიის შემცირებით უკვე მოაგვარა.
შათირიშვილის წერილის შინაარსის დეტალურ განხილვაში არ შედის არც უმრავლესობა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან კითხვები მათაც აქვთ. მაგალითად ის, თუ რატომ არ უხსნიან სანქციებს მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე დასანქცირებულ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
აშშ-სთან პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ორივე სცენარისთვის მზად არის - ან "დიფ სთეითი" დაამარცხებს ტრამპს, ან ტრამპი "დიფ სთეითს", რასაც შედეგად საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა მოჰყვება.
საქართველოს ხელისუფლება "დიფ სთეითის" მორიგი შეტევისთვის მზად უნდა იყოს. შათირიშვილის მოსაზრებით, ე.წ. გლობალური ომის პარტიის სტრატეგია ისევ რევოლუციური გეგმების განხორციელებაზე გადის. ფილოსოფოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, გლობალური ძალები ევროპის მილიტარიზაციით და საკუთარი დასაყრდენების გაძლიერებით, აშშ-სთვის ერთადერთი "ზე სახელმწიფოს" სტატუსის შენარჩუნებას სწორედ ტრამპის ხელით ეცდებიან.