17 მაისი 2025,   06:42
ვრცლად
"სოფლის ნობათის" კონკრეტული პროდუქცია გაყიდვიდან ამოღებულია - რა განმარტებებს აკეთებენ სპეციალისტები

საბავშვო რძე, და რძე რჩეულის რამდენიმე სახეობა - "სოფლის ნობათის" კონკრეტული პროდუქცია გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. მიზეზი იმპორტირებულ პროდუქტში აღმოჩენილი აფლატოქსინების ნორმაზე მაღალი მოცულობაა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნივთიერების ის რაოდენობა, რაც საკვებ პროდუქტში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი სპეციალისტებს უკვე შეხვდა.

აფლატოქსინების მცირე რაოდენობა რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, საუბრობენ ტოქსიკოლოგები და პედიატრები.

სპეციალისტების თქმით, მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტის მხოლოდ ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით მიღებას შეუძლია ღვიძლის ან სხვა დაავადების გამოწვევა - აღმოჩენილ რაოდენობასთან დაკავშირებით კი ეს საშიშროება არ არსებობს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე აქვს "სოფლის ნობათის" 5 ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები. უწყებაში განმარტავენ, რომ შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა, რასაც შესაბამისი რეაგირებაც მოყვა.

რძის პროდუქციაში აფლატოქსინების აღმოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა თავად "სოფლის ნობათმა". კომპანიაში დააკონკრეტეს, რომ ნივთიერება იმ მცირე რაოდენობის რძეში აღმოჩნდა, რომელიც მათ აზერბაიჯანიდან შემოიტანეს და საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, პარტნიორებთან თანამშრომლობაც გააჩერეს.

დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომაც. მათი განმარტებით, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის მიწოდებული რძე და რძის პროდუქტები, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს სრულად შეესაბამება. სააგენტოს ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში, კვების პროცესის სრული კონტროლი მიმდინარეობს.

დღის ამბები