
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6 პროცენტამდე აუმჯობესებს. უწყების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მაღალ ტემპს დააფიქსირებს:
"2025-26 წლის პროგნოზის მიხედვით, მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკა იზრდება 11.3%-ით და 12 საუკეთესო ქვეყანას შორის იქნება აზია- წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს შორის, რაც შესანიშნავი შედეგია. ამ მაჩვენებლებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გეგმაზომიერი, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით შესაძლებელია სირთულეების დაძლევა და საუკეთესო შედეგების ჩვენება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალ ტემპს დააფიქსირებს,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მშპ 2025 წელს 6 პროცენტით გაიზრდება. "საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა სტაბილურია," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.