
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6 პროცენტამდე აუმჯობესებს. უწყების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში გადადგა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით:
"ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში გადადგა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, საუბარია როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ დაჩქარებას. ასევე გამახვილებულია ყურადღება ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ საუბარია მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო ინვესტიციების შემოდინებას და ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მშპ 2025 წელს 6 პროცენტით გაიზრდება. "საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა სტაბილურია," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.