
კოალიციის "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურორის განმარტებით, ჯაფარიძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს. მისივე თქმით, ჯაფარიძის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ჯაფარიძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირი კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ის გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.