
ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ადასტურებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ ორმხრივ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის.
სტრატეგიული პროექტები ვერ განხორციელდება რეგიონში მშვიდობის გარეშე - მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო მზად არის, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ილჰამ ალიევთან შეხვედრისა და ერთობლივი განცხადებების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან განიხილა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილმა ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტის რანგში, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გუშინ დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა - ალი ასადოვმა უმასპინძლა.