23 მაისი 2025,   08:15
ვრცლად
"მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაიწია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების დრომ, რის გამოც, შემოდგომაზე დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობის უფლება მიეცემა.

მისი თქმით, ამ გადავადების მიზეზი იყო მხოლოდ ტექნიკური, ხოლო მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებაში სრულად დარწმუნებულია.

"რაც შეეხება გადავადებას - მას ჰქონდა ტექნიკური მიზეზი და თავისი არსითაც, ეს გადავადება არის ტექნიკური. რეალურად, საუბარია 2-3 თვეზე. გადავადების მიზეზი არის ის, რომ გაფართოვდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი, ორჯერ გაფართოვდა, უხეშად რომ ვთქვათ. თუ მანამდე, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიას უნდა გამოეძიებინა მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა მანდატი. შესაბამისად, ლოგიკურია, კომისიას დასჭირდა მეტი დრო საკუთარი სამუშაოს წარსამართად და ეს ყველაფერი გადადის უკვე ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე. აქედან გამომდინარე, პარლამენტს შეეძლება დასკვნის დამტკიცება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში.

რეალობა ყველამ ვიცით რაც არის - ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე. ჯამში, მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოიგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში - ამას ხაზგასმით ვამბობ. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც, ვადის გადაწევა არის ტექნიკური თავისი არსით, იქიდან გამომდინარე, რომ ასეც და ისეც, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში.

ცნობილი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელიაო. ერთი პლუსი აქვს ამ ვადის გადაწევას - მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვა, მას ექნება კონკრეტული სპექტრი საკუთარი არჩევანისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები