23 მაისი 2025,   08:37
ვრცლად
პრემიერი 20 ივნისის მოვლენებზე: ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, გუნდის ყოფილი წევრები, რომლებმაც, ცოტა ხანში, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა, თუმცა "ძალიან საეჭვოდ" იქცეოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაშინ "ქართული ოცნების" რიგებში იყვნენ, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

"თემა, რამაც გამოიწვია ეს პროტესტი, იყო [გავრილოვის] ჩაჯდომა [პარლამენტის თავმჯდომარის] სავარძელში. მე არ ვიყავი ქვეყანაში, წასული ვიყავი ბაქოში და მოვალეობას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე, არ მახსოვს, რომელი. აქ მოხდა ისეთი რაღაც, რისი მოგვარებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა, თუმცა ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან.

არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ თქვენ გახსოვთ 2016-2020 წლის პარლამენტი - მაშინ იყო სერიოზული შიდა პრობლემები "ქართულ ოცნებაში", მათ შორის, საპარლამენტო გუნდში, - დღევანდლისგან განსხვავებით. რეალურად, ეს ყველაფერი, რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი, იყო აბსოლუტურად შიგნიდანაც დალაგებული - ეს უნდა გამოეწვია, ეს იყო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, მაშინდელი "ქართული ოცნების" გუნდის წევრები, რომლებმაც, ცოტა ხანში, დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები