
"რატომ დუმს საელჩოები და მესამე სექტორი აქციების დროს დაშავებული პოლიციელის საქმეზე, რომელმაც მხედველობა დაკარგა" - ამ კითხვას მმართველი გუნდი სვამს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოემბრის აქციის დროს, დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.
მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, სადაც გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მხედველობა პოლიციელმა მარჯვენა თვალში სრულად დაკარგა. ეს დიაგნოზი დაადასტურა თურქეთის წამყვანმა კლინიკამაც. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ძალადობა, მით უმეტეს, პოლიციელზე ძალადობა მიუღებელია.
"საელჩობს არ ჩამოვყოლილვარ და არ მინახავს ვინ რა განცხადება გააკეთა, მაგრამ შემიძლია მკაფიოდ და ცხადად გითხრათ, რომ ნებისმიიერი ძალადობა, მით უმეტეს, პოლიციელის მისამართით, არის მიუღებელი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.