23 მაისი 2025,   09:03
ვრცლად
შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ ევროკავშირში, რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა - ირაკლი კუპრაძე

თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა "რადიო თავისუფლების" ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.

"ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს" - დაწერა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ შეთანხმებას მანამ მიაღწიონ, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ევროკავშირი ცდილობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ბრიუსელის მიდგომა მათთვის გასაგებია.

"სრულიად გასაგებია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადწყვეტილების გამარტივება არ არის საქართველოს საკითხი მხოლოდ. ეს ევროკავშირის ზოგად და საემიგრაციო პოლიტიკას ეხება, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირში დამოკიდებული იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რა თქმა უნდა ეს აჩენს რისკს, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ ევროკავშირში, რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ვარაუდობენ, რომ დასავლელი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მე არ მგონია [მივიდნენ]. თითქმის უმძიმესი ფორმით უნდა წარიმართოს [პროცესები], ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ქუჩაში ყოველ მეორე ადამიანს უნდა იჭერდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. "ქართული ოცნება" ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ისეთ უპირატესობას მოვიპოვებთ, რომ აქამდე არ მივა საქმე,"  - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.

დღის ამბები