
"გიორგი გახარია მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით, რისი მიზანიც მმართველი პარტიის იმიჯის დაზიანება იყო" - პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" გააკეთა, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შეკითხვები არსებობს, თუმცა "ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება მათთვის საინტერესო არ არის.
"საერთოდ არ შევალ კობახიძე-გახარიას დაპირისპირების პროცესში. ერთი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე ემსახურება ამ ქვეყანაში გარე ძალას, ეს არის "ქართული ოცნება."
რაც შეეხება ჩვენი და გიორგი გახარიას ურთიერთობას, ყოველთვის იყო ძალიან მძიმე და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თუ ჩვენ გვეხმარებოდა, არ ვიცი. რით გვეხმარებოდა, დარბევით თუ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით?! - არ ვიცი... [მაშინ] მერე რატომ დააწინაურეს?!" - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის ბრალდებები არალოგიკურია.
"მე არ მაინტერესებს მათი იწილო-ბიწილო და ერთმანეთს რას აბრალებენ ყოფილი, მოქმედი, წარსულისა და მომავლის "ქართული ოცნების" წევრები, მაგრამ ლოგიკა ხომ არის [საჭირო]? პარლამენტს ჩამოჰყავდა გავრილოვი, მაინც ჩამოიყვანეს და ეს გახარიამ დაგეგმა?" - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.