
გიორგი გახარიას წარსული პოლიტიკური გადაწყვეტილებები "ღამის კურიერში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაფასა. ჩორჩანა, ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი, მელიას დაკავების ოპერაციის გადადება და გადადგომა. ირაკლი კობახიძის თქმით, ექს-პრემიერი ყოველთვის ცდილობდა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ხელოვნური დაპირისპირებების კერა შეექმნა. კობახიძემ ისიც გაიხსენა, რომ 20 ივნისის შემდეგ გახარიას გათავისუფლება თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა მისი პოსტი მაშინ უცხოეთიდან ზარმა და პირდაპირმა მოთხოვნამ იხსნა.
20 ივნისს გავრილოვის საქართველოში შემოშვება, რომ პირდაპირ იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობა იყო, ამას მმართველ პარტიაშიც ამბობენ.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ გიორგი გახარიას პარტიაში. პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა დღეს თქვეს, რომ სერგეი გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, გახარიამ კი კანონის შესაბამისად იმოქმედა.
გახარიას დაცვა დღეს, იმ ოპოზიციური პარტიების წევრებმა სცადეს, რომლებიც წარსულში, სწორედ 20 ივნისის გამო, მის გასამართლებას ითხოვდნენ.
პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერში" დეტალურად გაიხსენა ნიკე მელიასა დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენები და თქვა, რომ გახარია ყოველთვის წინასწარ გაწერილი სცენარით მოქმედებდა - მიზანი კი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდთან თანამშრომლობით ხელისუფლების შეცვლა იყო.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. სახელისუფლებო გუნდი დღეს დარწმუნებულია, რომ მაშინ მთავრობის მეთაური უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა.