
საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, როგორც შანტაჟის დამატებითი ბერკეტი - ასე აფასებს მმართველი გუნდი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების ინიციატივას, რომლის შემუშავებაზეც ევროკავშირში სამზადისი უკვე დაიწყო. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა, რომელმაც პირდაპირ დაწერა, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს ზედმიწევნით ასრულებს.
პროექტის თანახმად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას მაინც წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა მიიღებს. საკითხი კი დღის წესრიგში შესაძლოა იმ შემთხვევაში დადგეს თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ მესამე ქვეყნებისა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა ერთმანეთთან შეუსაბამოა. ერთ-ერთ ძირითად პუნქტად განიხილება ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევებიც. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ კონტექსტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალურია, თუმცა განსხვავებულია მეორე ნაწილის პოზიცია.
ევროკომისიის წინადადებას, რომლითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს გარდა კიდევ 60 ქვეყნისთვის მარტივდება, საბჭოთა მეთოდით შანტაჟს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი შესაძლოა შემოდგომიდან ამოქმედდეს. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია.