23 მაისი 2025,   08:23
ვრცლად
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით მიმდინარე თვეს ხოშტარიას რუსეთიდან მიღებული ფინანსები გაიზარდა - კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ამბობენ, რომ ხოშტარიას რუსულ ფულთან კავშირი ვერ ექნება

"250 ათასი დოლარი გესმით რა თანხა არიის?!" - 250 ათასი დოლარი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ, ელენე ხოშტარიასთვის მხოლოდ აპრილის თვეში ჩარიცხული თანხაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით მიმდინარე თვეს ხოშტარიას რუსეთიდან მიღებული ფინანსები გაიზარდა კიდეც და ამის მიზეზსაც განმარტავენ.

ჩაერიცხათ თუ არა "დროას" ლიდერსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთიდან თანხა და რისთვის მიიღეს 250 ათასი დოლარი - კითხვის ადრესატმა დღეს დუმილი არჩია. ელენე ხოშტარიამ "კურიერთან" საუბარი არ ისურვა.

ხოშტარიას არ სურს, თუმცა რუსეთიდან ჩარიცხულ 20 მილიონ რუბლზე პასუხის გაცემა მის პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწიათ. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ამბობენ, რომ ხოშტარიას რუსულ ფულთან კავშირი ვერ ექნება და თუ მისმა ოჯახმა მიიღო თანხა, ის პოლიტიკოსს არ ეხება.

"ქართულ ოცნებაში" "დროას" ლიდერის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, სოლიდურ ფინანსებს ხოშტარია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ჩარიცხული თანხა კი განსხვავებულია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა რესურსი სჭირდება მათივე შეფასებით ოპოზიციას.

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა. მაშინ "დროას" ლიდერი განმარტავდა, რომ მისი ოჯახი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა და ჰონორარს მოსკოვის დიდი თეატრიდან სწორედ ამის გამო იღებდნენ. საუბარია სისტემატურ ჩარიცხვაზე, რამდენიმე მილიონ რუსულ რუბლსა და ათასობით დოლარზე.

დღის ამბები