23 მაისი 2025,   08:49
ვრცლად
მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მხარდამჭერი განცხადებები და დუმილი პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე - მმართველ გუნდს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ უწყებებთან კითხვები აქვს

მმართველ გუნდს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ უწყებებთან კითხვები აქვს. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ რატომ აკეთებენ ისინი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მხარდამჭერ განცხადებებს და დუმილით პასუხობენ პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ერთ-ერთი სამართალდამცველი აქციაზე აქტივისტის მიერ ნასროლი ბლაგვი საგნით დაშავდა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, თუმცა ამ ფაქტს საელჩოების და ენჯეოების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

"ქართული ოცნების" შეკითხვის ადრესატმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს "კურიერთან" საუბარი არ ისურვეს. ოპოზიცია სამართალდამცველების მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქციების დროს დაშავებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

ძალადობის წახალისება, პოლარიზაციის გაღრმავება და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მესამე სექტორის და კონკრეტული საელჩოების ერთადერთი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა იყო.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად 200-მდე სამართალდამცველი დაშავდა.

ვინ ესროლა პოლიციელს ბლაგვი საგანი? - სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ჯერჯერობით არ არის. ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები