
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის საელჩომ ახალი გრანტი, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით გამოყო. კახა კალაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსის რეალური დანიშნულება, არა საბჭოთა წარსულის შესწავლა, არამედ საზოგადოების კიდევ ერთხელ დაპირისპირებაა. სახელისუფლებო გუნდს ეჭვს უმყარებს ისიც, რომ კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები წარმოადგენენ.
ფრანგული გრანტის შესახებ ინფორმაცია, საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამარჯვებული "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა", რომელმაც პროექტის მიხედვით გორსა და ქუთაისში ახალი ტურისტული მარშრუტები უნდა შექმნას. საელჩო ასევე წერს, რომ ორგანიზაციამ საქართველოს საბჭოთა წარსული უნდა შეისწავლოს.
პარიზის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას", "კანვას საქართველოს" დამფუძნებლები წარმოადგენენ. ორგანიზაციამ, სერბ ტრენერებთან ერთად, 2023 წლის სექტემბერში, ქართველ აქტივისტებს რევოლუციურ მეთოდებზე, ტრენინგები ჩაუტარა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ირიცხებიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრებიც. საუბარია გიორგი კანდელაკსა და ირაკლი ხვადაგიანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ საფრანგეთის გრანტი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება.
ხვადაგიანის თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ საფრანგეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში საეჭვო არაფერია. "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ამბობენ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა, ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
რატომ დააფინანსა საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაცია, გრანტების კანონის დამტკიცებამდე 1 საათით ადრე - სახელისუფლებო გუნდი ეჭვობს, რომ პარიზს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების წახალისება, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე სურდა.
"კურიერი" დაინტერესდა - როდის და რა პირობებით გამოაცხადა საფრანგეთის საელჩომ საგრანტო კონკურსი, რომელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რა თანხა გამოიყო და ვინ შეარჩია კონკრეტული ენჯეო 2025 წლის პროექტისთვის - "კურიერის" წერილობით შეტყობინებაზე, დიპლომატიურ სამსახურს, პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.