
იერუსალიმი - ქალაქი, სადაც ქრისტიანობის ისტორია დაიწერა, ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის მთავარი ეპიზოდების მნახველი და მატარებელია. ადგილზე, სადაც ყოველ წელს სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვებას ზეიმობენ, ათასობით მორწმუნეს თვალწინ სახარებისეული ეპიზოდები ცოცხლდება.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ვნების კირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ხუთშაბათია, სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა
ზიარების საიდუმლო და თავის 12-ვე მოწაფეს თავმდაბლობისა და სიყვარულის ნიშნად ფეხი დაბანა.
დღეს აღდგომის ტაძარში 12 ვნების სახარება იკითხება. მორწმუნეები სახარებისეულ ოთხ უმნიშვნელოვანეს მოვლენას იხსენებენ, მათ შორის იესო ქრისტეს უკანასკნელ საღამოს გეთსიმანიის ბაღში და იუდას მიერ მის გაცემას.
ამ დღეს მომლოცველები ბაღში განმარტოებისა და ლოცვისთვის ძველი იერუსალიმიდან ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიან.
ხვალ წითელი პარასკევია, ყველაზე მძიმე დღე მორწმუნეებისთვის. 600 მეტრიან გზას, რომელიც იესო ქრისტემ გოლგოთამდე გაიარა ქართველი მომლოცველები გალობითა და ლოცვით გაივლიან.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.