
ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების მიხედვით, კაცობრიობის ცოდვებისგან გამოსახსნელად, იესო ქრისტემ საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ტაძრებში ვნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს, მზის ჩასვლამდე კვერცხებს წითლად ღებავენ.
"ვნების კვირის პარასკევი განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. ვიცით, ამ დღეს უფალი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს ადამიანებმა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ ტარდება, განსაკუთრებული სიმძიმიდან გამომდინარე, ტარდება სამეუფეო ჟამნები და შუადღისას, 14:00 საათზე შესრულდება გარდამოხსნის წესი და წესის ბოლოს შესრულდება დატირება. გარდამოხსნის წესს მოსაყდრე შიო შეასრულებს," - აღნიშნა არქიმანდრიტმა, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა იოვანემ.