21 მაისი 2025,   09:12
ვრცლად
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ, ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის, პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა. ავტორიზაცია მიენიჭა შპს "თბილისი დრაი პორტს", რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას იწყებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული "სარკინიგზო უსაფრთხოების წესის" თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.

"დღეს პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია მიენიჭა ინფრასტრუქტურის მენეჯერს, შპს "თბილისი დრაი პორტს", რომელიც არის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი. განაცხადების მიღება გრძელდება. პროცესის ეფექტურად წარსამართად, სააგენტო აქტიურად უწევს კონსულტაციას და თანამშრომლობს დარგში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, ახალი სარკინიგზო წესების დაკმაყოფილება", - განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, დარგში მოქმედი კომპანიებისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთოხების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შეახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.

უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა დადგენილი ფორმის განცხადებით მიმდინარე წლის 1 მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს. სარკინიგზო სისტემაში უკვე მოქმედი სუბიექტებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი; განცხადების 1 მაისამდე წარმოდგენის შემთხვევაში მოქმედ ინფრასტრუქტურის მენეჯერებს უწყვეტად შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება, სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილ განცხადებას, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, თან დაერთოს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მართვის სისტემა, სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დანართი V-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დღის ამბები