
22 დასახელების იშვიათი წიაღისეული, მინერალის მსხვილი მოპოვების 100-მდე ლოკაცია და 16 რეგიონი. ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე დღეში, 3-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინასთან ისტორიული ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. ვაშინგტონი დახმარების სახით გაცემული მილიარდობით დოლარის დაბრუნებას აპირებს, კიევი კი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას შეეცდება.
ორ ქვეყანას შორის უკვე გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა დადებითად არიან განწყობილი. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხს მიესალმება უკრაინის ეკონომიკის მინისტრი.
იშვიათი მინერალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ 3 ოლქშიც მოიპოვება. ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი იმ ტერიტორიების ნაწილია, რომლებსაც რუსეთი ხანგრძლივი მშვიდობის სანაცვლოდ ითხოვს. პუტინის ულტიმატუმი პეტერბურგიდან ვაშინგტონში დაბრუნებულმა სტივ უიტკოფმა ჯერ პრეზიდენტ ტრამპს, ხოლო შემდეგ, მედიის საშუალებით, საზოგადოებას გააცნო. მთავარი მომლაპარაკებლის განცხადებამ კიევის კრიტიკა დაიმსახურა. ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმეორებს, რომ ოლქებს არ დათმობს, თავად უიტკოფს კი რუსული ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ვაშინგტონსა და კიევს შორის მინერალების შესახებ შეთანხმების განხილვა 2024 წელს, ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, მალევე დაიწყო. ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელიც დაინტერესებულია ტიტანით, ლითიუმით და სხვა იშვიათი წიაღისეულით.
მოლაპარაკებები ჩიხში 2025 წლის თებერვალში შევიდა, როდესაც, ამერიკული მედიის ცნობით, თეთრ სახლში ამერიკელ კოლეგასთან მისული ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან გააძევა.
2025 წლის მარტის დასაწყისში დიალოგი განახლდა. მოლაპარაკების მაგიდას შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ. 17 აპრილს ვაშინგტონსა და კიევს შორის მემორანდუმი გაფორმდა, ხოლო საბოლოო შეთანხმების მიღწევას, რომელიც პარლამენტის რატიფიკაციას საჭიროებს, რამდენიმე დღეში ელოდებიან.
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ, სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ხელი 24 აპრილს მოეწერება.