
საჯარო ადმინისტრირების ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს იუსტიციის სახლების პრაქტიკა ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად აღიარა. უწყება უკვე, "ეფექტიანი მომხმარებლის" სტატუსით, პირველი ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც ევროკავშირის მიერ სპეციალურად საჯარო უწყებებისთვის შექმნილი ხარისხის მართვის სტანდარტი წარმატებით დანერგა.
გადაწყვეტილება პოლონეთში, მომხმარებლის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიიღეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 160-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეფასების ერთიანი სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროში, სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებულ აქცენტებზეც კიდევ ერთხელ საუბრობს. ვახტანგ ჟვანია ამბობს, რომ იუსტიციის სახლების პრაქტიკა და გამოცდილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სერვისების სესიის მონაწილეებს დეტალურად გააცნო.
შეფასების ერთიანი სისტემა ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის წევრი, ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრებისა და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა.