23 მაისი 2025,   05:30
ვრცლად
წითელი პარასკევი - მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა ერთად გაიარეს გზა, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა

წითელი პარასკევი - დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. წმინდა მიწაზე ვნების კვირის ამ დღეს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ერთად გადიან გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. ვია დოლოროსას 600-მეტრიან მონაკვეთზე მსვლელობა პილატეს სასახლიდან იწყება და გოლგოთაზე სრულდება.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ პილიგრიმებს შორის ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველებიც არიან. დღეს იქ ყველაზე ხმამაღლა ქართული გალობა ისმოდა.

მორწმუნეები ჯვრებით, ლოცვით და გალობით, ქრისტეს ვნების გზას მიუყვებიან და ყველა იმ ადგილას ჩერდებიან, სადაც მაცხოვარმა შეისვენა. სულ 14 გაჩერებაა და თითოეული მათგანი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

ვიწრო ქუჩებზე ის ადგილიცაა მონიშნული სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა შეეგება და სისხლიანი სახე შეუმშრალა. წმინდა მიწას ის გაჩერებაც ახსოვს, სადაც იესოს ღვთისმშობელი შეხვდა. და ისიც, როდესაც ტანჯვით დაუძლურებული დაეცა.

ვნების გზა გოლგოთაზე სრულდება. ბოლო გაჩერება უფლის წამების ადგილია - გარდამოხსნის ქვა და საფლავი. მსვლელობის შემდეგ, ყველა მორწმუნე მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იყრის თავს.

ხვალ ვნების შვიდეულის შაბათია. მორწმუნეები ამჯერადაც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული წმინდა ცეცხლის სახით სასწაულს, რომელიც, სიმბოლურად, იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

დღის ამბები