23 მაისი 2025,   06:23
ვრცლად
ომი უკრაინაში და ტრამპის პოლიტიკა - მარკო რუბიო ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობებზე, თუ პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება მიღწეული

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1150-ე დღეს მოლაპარაკებები ჩიხში შედის - ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი უარს იტყვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობებზე, თუ პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება მიღწეული. მარკო რუბიომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი ამერიკის ომი არ არის.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დონალდ ტრამპი უკრაინას და რუსეთს შორის ომის დასრულების გეგმაზე მუშაობას არ წყვეტს. სწორედ ამ მიზნით ჩავიდა შტატების სახელმწიფო მდივანი პარიზში და შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართა.
ემანუელ მაკრონი მარკო რუბიოს, ჯორჯია მელონი კი დონალდ ტრამპს შეხვდა. იტალიის პრემიერ-მინისტრი შტატებში ჩავიდა და უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ამერიკის პრეზიდენტთან განიხილა. მელონთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ ომის დაწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკის არ ადანაშაულებს, თუმცა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის გულშემატკივარი არ არის.

ომის შეწყვეტა სურს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა, პარალელურად, დარწმუნებულია, რომ სხვა მიზანი აქვს ვლადიმერ პუტინს. ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით კი, უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი უკვე მოაწერა.

კრემლი აცხადებს, რომ მოსკოვი იცავდა შეთანხმებას, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში გულისხმობდა.

სანამ მსოფლიო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მსჯელობს, ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქები ისევ დაბომბა. საოკუპაციო ძალების სამიზნე ქალაქი ხარკოვი გახდა. საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა, მათგან 8 ბავშვია. დაჭრილებიდან ოთხის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

თავდასხმის შედეგად, 21 საცხოვრებელი კორპუსი, ორი სკოლა და ორი საბავშვო ბაღი დაზიანდა ხარკოვში. რთული ვითარებაა სუმშიც, სადაც საოკუპაციო ძალებმა წითელ პარასკევს პასკის საცხობი საწარმო დაბომბეს. თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის მიერ განხორციელებულ შეტევაზე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. ამბობენ, რომ კიევმა დრონებით იერიში რამდენიმე რეგიონზე მიიტანა, შედეგად ბელგოროდის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 კი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 56 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ოფიციალური კიევი კი აცხადებს, რომ მხოლოდ დღეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 37 დრონი გაუშვა.

დღის ამბები