22 მაისი 2025,   09:54
ვრცლად
გერმანიის ელჩის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი პიტერ ფიშერს

ვის დაუწესდა გერმანული სანქციები უცნობია, თუმცა ცნობილია პირთა რაოდენობა და ოფიციალური მოტივი - გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ არ სურთ, მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ. გერმანიის ელჩის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. 

მაშინ რატომ ჩავიდა თავის დროზე ბერლინში ზურაბ ადეიშვილი? - კითხვას დიპლომატის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე სვამს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სანქციები პოლიტიკური შანტაჟის იარაღია და გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებათა დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ბუნდესტაგში არ უმასპინძლებდა. სპიკერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმ საქმეებზეც მიუთითებს, რომელზეც ადეიშვილი უკვე მსჯავრდებულია.

ზურაბ ადეიშვილი, როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი, გერმანიის ბუნდესტაგში გასული წლის თებერვალში იმყოფებოდა - იჯდა სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაშიც და მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხზე გამართულ შეხვედრებშიც. აქვს თუ არა გერმანიას ორმაგი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დამრღვევების შეფასებისას? – "ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული აქვთ, სამართლებრივ ნაწილში კი კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები არ აქვთ იმაზე, რა მტკიცებულებებით დაასანქცირა გერმანიამ ცოტა ხნის წინ საქართველოს 13 მოქალაქე.

უმრავლესობა ოპონენტებს ახსენებს, რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადეიშვილის საქმეებზე ქართული მართლმსაჯულების ყველა განაჩენი ძალაში დარჩა, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შემთხვევაში.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც დანაშაულებრივი წარსულის ძებნილი ექს-მაღალჩინოსნები საპატიო სტუმრები არიან.

გერმანიამ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების შესახებ განცხადება ორჯერ გაავრცელა. 2024 წლის 31 დეკემბერს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, დამატებითი შეზღუდვები დააწესა 2025 წლის 24 მარტსაც.

 

 

დღის ამბები