21 მაისი 2025,   18:21
ვრცლად
მართლმადიდებლები და კათოლიკები ქრისტეს აღდგომას წელს ერთ დღეს აღნიშნავენ - აღდგომის თარიღი გრიგორიანული და იულიუსის კალენდრების მიხედვით წელს ერთმანეთს დაემთხვა

მართლმადიდებლები და კათოლიკები 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს, ქრისტეს აღდგომას, წელს ერთ დღეს აღნიშნავენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აღდგომის თარიღი გრიგორიანული და იულიუსის კალენდრების მიხედვით ერთმანეთს დაემთხვა. ქრისტე აღდგა – ამ სიტყვებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მორწმუნეები ყველაზე დიდ საუფლო დღესასწაულს ერთმანეთს ულოცავენ. 

მსოფლიოს რელიგიათა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანმა აღმსარებლობამ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება აღნიშნა რომში. წმინდა პარასკევის "ჯვრის გზის" ცერემონიისთვის კათოლიკეები კოლიზეუმში შეიკრიბნენ. პაპი ფრანცისკე, რომელიც ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია, მესამე წელია ცერემონიას ვერ ესწრება.

რომის მსგავსად ათასობით მორწმუნე შეიკრიბა ლონდონში. ტრაფალგარის მოედანზე, იესო ქრისტეს ჯვარცმის იმიტაცია შესრულდა. დადგმა ვინთერშალის დასს ეკუთვნის, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარებული პერფორმანსებით გამოირჩევა.

ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით, 300-ს წლიანი ტრადიციის შესასრულებლად, ხალხი ქუჩებში ხელნაკეთი სამოსით გავიდა მექსიკაშიც.

აღდგომის დღესასწაულისთვის მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენის სანახავად მორწმუნეებით გაივსო კარაკასის ქუჩები. პეტრეს უბანში, პერფორმანსი ვია კრუჩი, ანუ "ჯვრის გზა" 35 წელზე მეტია ტარდება და მას უამრავი ადამიანი ესწრება.

წმინდა კვირა განსაკუთრებული ფორმით აღინიშნება გვატემალას ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილშიც. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მამაკაცებისგან შემდგარმა ჯგუფმა, ეკლიანი გვირგვინითა და დაფარული სახეებით, თემის ორ ტაძარს შორის კილომეტრნახევრიანი გზა ცოცვით გაიარა.

ადამიანებისთვის გაღებული მსხვერპლის გამო იესო ქრისტეს ჯვარცმამ და აღდგომამ, წელს ქრისტიანები კიდევ ერთხელ გააერთიანა. მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს ერთად ზეიმობენ.

დღის ამბები