
ვაშინგტონის მთავარი გეგმა, რომ თეირანმა ბირთვულ იარაღზე უარი თქვას, კვლავ ძალაშია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
ამერიკელი და ირანელი დიპლომატები უკვე მეორედ, ამჯერად ომანის ნაცვლად რომში შეიკრიბნენ. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა პირობა დადეს, რომ მომდევნო კვირას კიდევ ერთი მოლაპარაკება შედგება. რომში ჩასვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე და დაგეგმილ დიალოგზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვიდან ისაუბრა. თქვა, რომ თეირანი ბირთვული პროგრამის განსახილველად მზად იქნება, თუ ვაშინგტონი ისეთ პირობებს არ წარადგენს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.
მედია უკვე საუბრობს იმაზეც, რომ მხარეებს შორის ერთ-ერთი მთავარი შუამავალი, ომანის სულთანი, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ეწვევა. უკვე ცნობილია, რომ კრემლში შეხვედრები ფოკუსირებული რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იქნება, თუმცა დამატებით დეტალებს მხარეები არ აკონკრეტებენ. ცნობილია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებს მიესალმება რუსეთის ფედერაცია. განცხადება აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მკაფიო განცხადება დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 30 მარტს გააკეთა. დონალდ ტრამპმა თეირანს ჯერ სიტყვიერი ულტიმატუმი წაუყენა, ხოლო შემდეგ ისლამური სახელმწიფოს სულიერ ლიდერთან წერილი გააგზავნა. 47-ე პრეზიდენტმა აიათოლა ალი ხამენეის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა, წერილში მინიშნება გაკეთდა იმაზეც, რომ უარის შემთხვევაში ვაშინგტონის პასუხი მკაცრი იქნებოდა. 12 აპრილს, ოფიციალური ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები ომანში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კი დღეს იტალიაში შედგა.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, ირანს ბირთვულ ამბიციებზე უარი ათქმევინოს. ისლამური სახელმწიფო ჯერ-ჯერობით ვაშინგტონის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.