21 მაისი 2025,   19:55
ვრცლად
უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველ დიდ შაბათს აღესრულება - იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, სპეციალურად დალუქული კარი საგულდაგულოდ იხსნება. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პილიგრიმებს შორის, ქართველი მომლოცველებიც არიან. მოლოდინი დიდია, რადგან სწორედ ამ დღეს ყველამ ერთად სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება კიდევ ერთხელ უნდა იზეიმოს.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინაპირობა მართლმადიდებელი არაბების მიერ ყიჟინით და დაფდაფებით ტაძრის მოლოცვაა. ეს, აქ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია.

სულ ბოლოს ტაძარში იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილოს მესამე მოდის. კუვუკლიის წინ განიმოსება და კვართის ამარა, 33 სანთლით ხელში, მაცხოვრის საფლავზე შედის. ცეცხლის გარდამოსვლას ჩაბნელებულ ტაძარში ათასობით მომლოდინე ჰყავს. ქართველების შეძახილები კი მათ შორის ყველაზე ხმამაღლა ისმის.

პატრიარქის შესვლიდან 4 წუთის შემდეგ, ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და მთელს ტაძარში ელვის სისწრაფით ვრცელდება.

მართლმადიდებლურ სამყაროს, ცეცხლის გარდამოსვლა ვნების კვირეულის ბოლოს, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ახსენებს.

ღვთაებრივი ცეცხლი სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. დღესვე მას ყველა პილიგრიმი საკუთარ სამშობლოში ჩაიტანს. საქართველოში წმინდა ცეცხლი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები