
"კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და ... თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14)" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი, სადაც ილია მეორე აღდგომის არსზე საუბრისას საზოგადოების ყურადღებას ადამიანის სულისა და სხეულის მთლიანობაზე და მეორედ მოსვლის განმარტებაზე ამახვილებს.
"საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა.
რას ნიშნავს ეს?
როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს, ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც,- სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.
„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15.21-22).
კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და ... თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14).
„...მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?
რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში... ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).
სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა, აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას ...
ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!
როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?
როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?
ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს.
* * *
წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა ... აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა ... ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.
ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ - მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.
ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება", - აღნიშნავს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.