
აღდგომა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ვნების კვირაში მორწმუნეები ყველა იმ ეპიზოდს იხსენებენ, რაც სახარების მიხედვით მაცხოვარს გადახდა. მათგან ყველაზე მძიმე იესოს ვნების გზაა. გზა, რომელსაც წმინდა მიწაზე წითელ პარასკევს ყველა კონფესიის ადამიანი გადის.
ვია დოლოროსა - ასე ჰქვია 600 მეტრიან მონაკვეთს, რომელიც კაცობრიობის ცოდვებით დამძიმებულმა ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. ამ გზაზე ისმის ქართული გალობაც.
პილატეს სასახლიდან დაწყებულ მსვლელობაში მორწმუნეები სიმბოლურად ჯვრებით, ლოცვითა და გალობით მონაწილეობენ. გზად კი 14-ჯერ ჩერდებიან.
ვიწრო ქუჩებზე ის ადგილიცაა მონიშნული, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა შეეგება და სისხლიანი სახე შეუმშრალა. წმინდა მიწას ის გაჩერებაც ახსოვს, სადაც იესოს ღვთისმშობელი შეხვდა და ისიც, როდესაც ტანჯვით დაუძლურებული დაეცა.
ბოლო გაჩერება გოლგოთაა - იქ, სადაც უფლის წამების ადგილი, გარდამოხსნის ქვა და ქრისტეს საფლავია.
იქ პილიგრიმები შუაღამემდე ევედრებიან უფალს, რომ ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მომსწრენი კვლავაც გახდნენ.
დიდ შაბათს, როცა წმინდა ქალაქში შემოსასვლელი ყველა კარიბჭე დაიკეტება მაცხოვრის ტაძრის კარი იღება. მას მუსლიმი მცველი აღებს, მისი ოჯახი ამ ტრადიციას საუკუნეებია იცავს.
როცა ათასობით მორწმუნე კუვუკლიის გარშემო იკრიბება, უფლის საფლავი ცვილის ბეჭდით ილუქება.
წმინდა ცეცხლის მომლოდინეთა მღელვარება მძაფრდება, ათასობით მორწმუნე უფალს საკუთარ ენაზე ადიდებს - ტაძრის ყველა კუთხიდან ქართული შეძახილები ისმის.
სამარისებურ სიჩუმეს მართლმადიდებელი არაბები არღვევენ.
ჩვენი რწმენა მართალია - გაიძახიან ერთმანეთის მხარდამხარ შემომსხდარი ახალგაზრდები და დაფდაფებზე დაკვრით ტაძარს გარს უვლიან.
ამის შემდეგ ტაძარში იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე მოდის.
მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში შესვლამდე განიმოსა და კვართის ამარა შევიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, თეოფილოს მესამე სუნთქვაშეკრულ მომლოცველებთან ღვთიური ცეცხლით დაბრუნდა. სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების ყიჟინამ მთელი ტაძარი მოიცვა და ერთიანად განათდა.
ღვთიური ცეცხლი ყველა პილიგრიმმა წმინდა მიწიდან საკუთარ სამშობლოში ჩაიტანა, მათ შორის საქართველოშიც. წმინდა ცეცხლის მოლოდინში მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ესწრებოდნენ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო თბილისში. წმინდა ცეცხლი ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, შემდეგ კი ყველა ეკლესიაში გავრცელდა. აღდგომის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს, პატრიარქმა მიულოცა.
ქრისტე აღდგა - სიკვდილმა სიცოცხლეზე გაიმარჯვა.
ავტორი: ნინი ნაცვლშვილი.