
ქრისტიანული სამყაროს უდიდეს დღესასწაულზე ზეციურ სასწაულს ერი და ბერი ერთად, მდუმარებაში ელის. მდუმარებას მალევე ისევ ხმაური და შეძახილები ჩაანაცვლებს, ცეცხლი კი ტაძარში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, იესო ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.
ვატიკანი - წმინდა პეტრეს მოედანი. კათოლიკე ქრისტიანები აღდგომას ერთმანეთს ულოცავენ.
ქრისტე აღდგა! -ამ სიტყვებს წელს კათოლიკეც და მართლმადიდებელიც ერთ დღეს, ერთად ამბობს და ამით მორწმუნე ქრისტიანები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენებენ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების საკაცობრიო ამბავს.
მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრებიდან 1700 წელი სრულდება.
ორი თარიღის გზაგასაყარზე, მართლმადიდებლების და კათოლიკეების გზები ისევ გადაიკვეთა - ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულს ისევ ერთად აღნიშნავს. IV საუკუნეში, სწორედ ნიკეის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული ერთ დღეს უნდა ეზეიმა.
მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას ერთდროულად იშვიათად აღნიშნავენ, ბოლოს ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული ერთ დღეს, 2017 წელს იზეიმეს.
ქრისტიანები აღდგომისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს განსხვავებებთან ერთად საერთოც ბევრი აქვთ.
სანამ კალენდარზე დიდი დღესასწაული მოინიშნება, არიან დიდმარხვაში, გამუდმებით ლოცულობენ. განსაკუთრებით მძიმეა მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეული.
სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტე პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე გოლგოთაზე ჯვარზე გააკრეს. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტაძარში მიდიან, სრულდება მსახურება.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება დილიდან იწყება, შემდეგ კი სრულდება გარდამოხსნის წესი.
გლოვას, მალე სიხარული ჩაანაცვლებს. კვირას მაცხოვარი მკვდრეთით აღდგება და "სიკვდილით სიკვდილი დაითრგუნება".
მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური გვიყვება, რომ უფლის ჯვარცმასა და აღდგომას ადამიანების პირველქმნილი ცოდვისგან დახსნა უკავშირდება.
დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების სახელობის კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინამძღვარია. გვიყვება , რომ ქრისტიანებსა და კათოლიკეებს იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
დიდი მარხვის ბოლო კვირაში კათოლიკე მორწმუნეები ტაძარში იკრიბებიან. არიან მდუმარებაში, 3 საათზე აღესრულება გარდამოხსნის წესი, როცა ისინი ქრისტეს ჯვარს ემთხვევიან. ამ დღეს იკრძალება ორღანზე სასულიერო მელოდიების შესრულებაც.
ქრისტიანობის პირველივე წლებში გაჩნდა აღდგომის თარიღის განსაზღვრის სხვადასხვა ტრადიციაც, რომელიც მოგვიანებით გაღრმავდა. ეს გამოიწვია იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრის გამოყენებამ. როგორც წესი, აღმოსავლური ეკლესია, რომელიც იულიუსის კალენდრით ხელმძღვანელობს, (მაგ. მართლმადიდებელი), დასავლურისგან (მაგ. კათოლიკური) განსხვავებით აღდგომას მოგვიანებით, ყველაზე დიდი ინტერვალით ხუთი კვირის შემდეგ აღნიშნავს. ამ ორ კალენდარს შორის განსხვავება 13 დღეა. ამიტომ აღმოსავლურ ეკლესიებში, დასავლეთთან შედარებით, ზოგიერთი დღესასწაული შედარებით გვიან აღინიშნება. მაგალითად შობას, რომლის აღნიშვნის თარიღი მოძრავი არ არის, დასავლეთის ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო აღმოსავლეთის – 7 იანვარს.
მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები ქრისტეს აღდგომას ტაძრებსა თუ სახლებში იზეიმებენ, დგება ტრადიციებისა და რიტუალების დროც. გადიან საფლავზე და მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომის უდიდეს დღესასწაულს ახარებენ.
აღდგომის თარიღის დამოუკიდებლად გამოთვლა ქრისტიანებმა დაახლოებით III საუკუნეში დაიწყეს. ამ საკითხზე მუშაობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მეცნიერები, რომის იმპერიის ასტრონომიულ და მათემატიკურ კვლევის ცენტრთან ერთად. საბოლოოდ კი ალექსანდრიის პატრიარქმა აღდგომის თარიღი ჯერ ეგვიპტეს გამოუცხადა, შემდეგ კი აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც გაგზავნა.
1582 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ გამოაცხადა რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა კალენდარული თარიღების ჰარმონიზაციას წლის ასტრონომიულ მოვლენებთან. მაგალითად, გაზაფხულის ბუნიობასთან და ა.შ. ასე შეიქმნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც მიიღეს კათოლიკურმა ქვეყნებმა და დროთა განმავლობაში პროტესტანტულმა ქვეყნებმაც. ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ თარიღის დადგენის ტრადიციას კი მართლმადიდებლები დღემდე ინარჩუნებენ.
მიუხედავად განსხვავებული თარიღებისა, საქრისტიანოს უდიდესი დღესასწაულის არსი ყოველთვის იყო და დარჩება იგივე: ისე როგორც მორწმუნეებს სწამთ, ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და გაგვიხსნა ზეცის კარი, საუკუნო სიცოცხლისკენ.