21 მაისი 2025,   19:08
ვრცლად
სააღდგომო ზავის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განაახლა - შეერთებულ შტატებში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისევ აქტიურად საუბრობენ

სააღდგომო ზავის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განაახლა. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 96 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, დრონებთან ერთად, რუსეთმა ხერსონის ოლქს ფრთოსანი რაკეტებითაც შეუტია. ქალაქ ხერსონზე და ოლქის რაიონებზე ავიადარტყმების და საარტილერიო შეტევის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

რუსეთის პრეზიდენტმა სააღდგომო ზავი 19 აპრილის საღამოს 18 საათიდან გამოაცხადა, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინმა ზავი აღდგომის ღამეს 2935-ჯერ დაარღვია.

ცეცხლი ორივე მხარეს ისევ გახსნილია, თუმცა მისი შეწყვეტის შესაძლებლობაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაანონსა, რომ ამერიკული მხარე მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. კიტ კელოგი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველა შესაძლებლობა არსებობს.

ლონდონში ჩასული ამერიკელები, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, უკრაინისგან პასუხს დაელოდებიან - რამდენად მზად არიან ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვან ნატო-ს წევრობაზე. გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ეს წინადადება კიევს 17 აპრილს, პარიზში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. როგორც ჩანს, უკრაინის პასუხი მიმდინარე კვირაში გაირკვევა. იქამდე კი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. 

ის, რომ უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, ამის შესახებ კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება კრემლიდან. დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაკეთებული შეთავაზება რუსეთისთვის მისაღებია.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საომარი მოქმედებების შესაჩერებლად წარდგენილი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს ეხება. საუბარია ტერიტორიისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებასა და შეერთებული შტატებისთვის კონტროლის გადაცემაზე.

დღის ამბები