21 მაისი 2025,   19:17
ვრცლად
ბრალდებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ - მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციაა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ხელისუფლებაში დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავს და წლებია, ამ მოთხოვნით, ბრიუსელში დადის. სახელისუფლებო გუნდში ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას არ გამორიცხავენ, ამბობენ, რომ გაუქმების წინაპირობა პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა ნებისმიერ პოტენციურ პოლიტიკურ რყევაზე პასუხისმგებლობა ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას დაეკისრება.

მმართველ გუნდში, დღეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წარსულში გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე წელიწადზე მეტია ღიად საუბრობენ.

კოლეგების მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების შინაარსს ოპოზიციაში დღესაც იზიარებენ. ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედების შეჩერება მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით იქნება შესაძლებელი. თუმცა რა ზარალი შეიძლება მიადგეს ამ ნაბიჯით ქვეყნის მოსახლეობას - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ვიზალიბერალიზაციის თემის პერიოდულად გააქტიურება წინასწარ დაწერილი სცენარის შემადგენელი ნაწილია მმართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციაა და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი შეთანხმებულად მოქმედებენ. კანონმდებლების აზრით, მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობაა, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ სცადეს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, ამჟამად, 61 არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ. ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც შესაძლოა მიმდინარე წლის შემოდგომამდე დამტკიცდეს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ევროკომისიისთვის მარტივდება.

 

დღის ამბები