
წლების გასვლის მიუხედავად, ტკივილი არ უნელდებათ, თუმცა ომის გმირების ოჯახის წევრებმა კარგად იციან, რომ იმ ახალგაზრდების ხსოვნა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს, უკვდავია.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი ჩიქოვანმა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მოქალაქეები საფლავებზე გადიან. ტრადიციის შესაბამისად, პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. სპეციალურად ამ დღისთვის, დედაქალაქის მერიამ, სასაფლაოებამდე მისასვლელად, ცხრა დროებითი მარშრუტი გამოყო - ტრანსპორტი მგზავრებს დილის 08:00-დან საღამოს რვამდე ემსახურებოდა.
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.